ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს, – იუწყება AS.
გამოცემის ინფორმაციით, რამოსის შეძენა „პარი სენ-ჟერმენს“ სურს და პარიზული გრანდი მზად არის, თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მცველს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. ფრანგული მხარე რამოსს ხელფასის სახით, სეზონზე 20 მილიონ ევროს გადაუხდის.
წერილში აღნიშნავენ, რომ თავად რამოსს „სამეფო კლუბის“ დატოვება არ სურს, მაგრამ მადრიდელები მასთან მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ.
სერხიო რამოსის მიმდინარე კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ 2021 წლის იანვრამდეა ძალაში.