პსჟ ნეიმარს 400 ათასს იმისთვის უხდის, რომ ფანებს ტაში დაუკრას და მწვრთნელი არ აკრიტიკოს
საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ თავის ფეხბურთელებს მნიშვნელოვან თანხებს უხდის ეთიკური ნორმების დაცვის სანაცვლოდ. პსჟ-ის მოთამაშეთა კონტრაქტების საიდუმლო დეტალებზე ლაპარაკია ტელეარხ France 2-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც „პსჟ-ის პატარა საიდუმლოებები„ ჰქვია.
კერძოდ, ფილმი მოგვითხრობს იმაზე, რომ ეთიკური ვალდებულებების დაცვის სანაცვლოდ, ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი წელიწადში 375 ათას ევროს იღებს, ტიაგო სილვა – 33 ათასს, ანხელ დი მარია და ედინსონ კავანი – 70 ათასს. ამ ნორმებში შედის შემდეგი ვალდებულებები – ზრდილობიანი ურთიერთობა ჟურნალისტებთან, უნაკლო რეპუტაციის შენარჩუნება, პარტნიორებისა და მწვრთნელების კრიტიკაზე უარის თქმა და მატჩის შემდეგ გულშემატკივრების მისამართით აპლოდისმენტები.
პარიზულ კლუბში არ უარყოფენ, რომ მოთამაშეებისთვის ასეთი ბონუსები არსებობს, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ ეს არის გავრცელებული პრაქტიკა საფეხბურთო სამყაროში და ის მოწოდებულია კლუბისა და ფეხბურთელების იმიჯის შენარჩუნებისკენ.