„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ ახალ კონტრაქტზე მეტად სარფიანი წინადადება მიიღო საკუთარი კლუბისგან. როგორც ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა, პარიზელები მზად არიან 22 წლის ფეხბურთელს წელიწადში 32 მილიონი ევრო გადაუხადონ.
წყაროს ცნობით, გაფორმების შემთხვევაში, ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
ამ ინფორმაციის პარალელურად, ესპანური გამოცემა „მარკა“ წერს, რომ მბაპემ პარიზული კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
როგორც ირკვევა, ფრანგმა უკვე აცნობა მაურიციო პოჩეტინოს, რომ ნამდვილად არ აპირებს პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას.
მბაპე აპირებს კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს. ესპანურმა კლუბმა იცის კილიანის სურვილის შესახებ და შეეცდება მბაპეს ტრანსფერი უკვე ამ ზაფხულს გააფორმოს.
გასულ სეზონში მბაპემ 47 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 42 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ფორვარდის ამჟამინდელ კონტრაქტს პსჟ-სთან 2022 წლის 30 ივნისს გასდის ვადა.