საფრანგეთის ჩემპიონატში მე-14 ტური ლიდერების მატჩით დასრულდა – მოქმედი ჩემპიონი და მეორეადგილოსანი „მონაკო“ შინ იღებდა ლიდერ „პარი სენ-ჟერმენს“.
ამ მატჩის მთავარი ინტრიგა ის იყო, რომ თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშობდა პარიზელთა ფორვარდი კილიან მბაპე. მას პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მიეცა, მაგრამ ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
თუმცა, პირველი ნახევარი პსჟ-მ მაინც მოიგო, როცა მე-19 წუთზე იულიან დრაქსლერმა ედინსონ კავანის გაატანინა. მეორე ტაიმში ეს უპირატესობა პენალტით ნეიმარმა გაამყარა.
„მონაკო“ 81-ე წუთზე ჟოაო მოუტინიოს გოლით თამაშში დაბრუნდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და 1:2 დამარცხდა.
„პარი სენ-ჟერმენის“ უპირატესობა ჩემპიონატში კიდევ უფრო გაიზარდა – ლიდერი ცხრა ქულით უსწრებს „ლიონსა“ და „მონაკოს“, რომლებიც მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.