პსჟ-ის მთავარ მწვრთნელს პოზიციები შეერყა - გუნდის ხელმძღვანელები ზინედინ ზიდანზე ფიქრობენ #1TVSPORT
პსჟ-ის მთავარ მწვრთნელს პოზიციები შეერყა - გუნდის ხელმძღვანელები ზინედინ ზიდანზე ფიქრობენ #1TVSPORT

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრისტოფ გალტიეს პოზიციები შეირყა.

ერთი კვირის განმავლობაში პარიზელები საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში „მარსელთან“ (1:2) დამარცხდნენ, შემდეგ ლიგა 1-ში – მონაკოსთან“ (1:3) და ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე – „ბაიერნთან“ (0:1). ეს პსჟ-ის ყველაზე ცუდი სერიაა 2020 წლის შემდეგ.

როგორც გაზეთი Le Parisien-ი წერს, ამ წარუმატებელმა სერიამ შეასუსტა გალტიეს პოზიციები. ზედიზედ მეოთხე წაგება, შესაძლოა, პრობლემა გახდეს პსჟ-ის ყატარელი მფლობელებისთვის და მათ ცვლილებები მოითხოვონ. მწვრთნელმა იცის, რომ კლუბის მფლობელები ყურადღებით დააკვირდებიან უახლოესი ორი მატჩის შედეგებს – ლიგა 1-ში „ლილისა“ და „მარსელის“ წინააღმდეგ.

აღნიშნავენ, რომ უკმაყოფილებას იწვევს არა მხოლოდ შედეგები, არამედ გუნდის თამაში. მათ „ბაიერნის“ წინააღმდეგ პირველი ტაიმი შეაფასეს, როგორც „ამბიციის“ დეფიციტი.

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას აქვს კითხვები გუნდის ასეთ მკვეთრ ვარდნასთან დაკავშირებით. მაგალითად, კლუბის ბოსებს არ ესმით, როგორ გადაიქცა ვიტინია ნახევარდაცვის ლიდერიდან იმ მოთამაშედ, რომელსაც საერთოდ არ აქვს გავლენა თამაშზე.

როგორც აღნიშნავენ, ყატარის ემირი ოცნებობს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს ზინედინ ზიდანი. მხარეებს უკვე წელიწად-ნახევარია აქვთ კონტაქტი, მაგრამ ზიდანი ყოველთვის უპირატესობას საფრანგეთის ნაკრებში მუშაობას ანიჭებდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, რადგან დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2026 წლის ბოლომდე დარჩება.