პსჟ-ის მფლობელის ძმამ მესის პარიზში გადასვლა დაადასტურა, არგენტინელი ახალ გუნდში მე-19 ნომრით ითამაშებს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავა. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
წყაროს ცნობით, გადასვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. პარიზელებმა არგენტინელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მესის ხელფასი სეზონში 50 მილიონი ევრო იქნება.
ასევე დაადასტურა მესის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა პარიზული კლუბის მფლობელის ძმამ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ.
„მოლაპარაკებები ოფიციალურად დასრულებულია. ამის შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება“, – დაწერა „ტვიტერში“ ალ-ტანიმ.
პარალელურად, Telefoot-ის ჟურნალისტის ჟულიენ მეინარდის ინფორმაციით, ლიონელ მესი ახალ კლუბში მე-19 ნომერს აიღებს, რომლითაც კარიერის დასაწყისში „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებში თამაშობდა. არგენტინელი არ აპირებს მე-10 ნომერი აიღოს ნეიმარისგან.
რამდენიმე დღის წინ, „ბარსელონას“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ლიონელ მესიმ კატალონური კლუბი დატოვა. „ბარსამ“ ვერ შეძლო ახალი კონტრაქტის გაფორმება 34 წლის არგენტინელთან ესპანეთის ჩემპიონატის ფინანსური წესების გამო.
ლიონელ მესი „ბარსელონაში“ 2004 წლიდან თამაშობდა. მან კატალონურ კლუბში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 305 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მესი ესპანეთის 10-გზის ჩემპიონია და ოთხჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. სულ თავის ყოფილ გუნდში მან 35 ტიტული მოიგო.