„პროსპორტი“ - „რუბინმა“ კვარაცხელიას ალტერნატივა დანიაში იპოვა #1TVSPORT
რუსული გამოცემა „პროსპორტი“ ემხრობა ვერსიას, რომ ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ალტერნატივა დანიაში იპოვა. რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ყაზანის „რუბინი“კონტრაქტის გაფორმებას დანიური „მიდტიულანდის“ ფლანგის შემტევ ანდერს დრაიერთან ცდილობს და მზადაა, მასში შვიდი მილიონი ევრო გადაიხადოს.
ეს ტრანსფერისთვის საკმაოდ დიდი თანხაა, მით უფრო რუსული კლუბისთვის – გამოცემა „პროსპორტის“ ამტკიცებს, რომ დანიელს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შემცვლელად ამზადებენ.
„ყაზანელები ახლოს არიან კონტრაქტის გაფორმებასთან ანდერს დრაიერთან, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის. 23 წლის დანიელის შეძენა „რუბინს“ შვიდი მილიონი ევრო დაუჯდება. ფეხბურთელი უკვე გაემგზავრა სამედიცინო შემოწმების გასავლელად, თუმცა არა რუსეთში, არამედ – გერმანიაში. დანიური მედია ირწმუნება, რომ დრაიერი ყაზანში ამ დღებში გადავა, მაგრამ დანიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის აგენტს ინფორმაცია კლუბების შეთანხმების შესახებ ჯერ არ დაუდასტურებია“, – წერს გამოცემა.
კვარაცხელიამ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, შემდეგ კი „რუსთავში“ გააგრძელა. 2019 წელს მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა, მაგრამ კლუბმა ქართველი გარემარბის ყიდვა ვერ შეძლო და 2020 წელს „რუბინმა“ შეიძინა, სადაც ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
20 წლის ფეხბურთელით ბევრი ევროპული კლუბი დაინტერესდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ყაზანელებმა ვერ მოახერხეს ფეხბურთელის გაყიდვა. თუმცა, სატრანსფერო „ფანჯრის“ დასრულებამდე ქართველ გულშემატკივრებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ ლიგაში გადავა.