პროკურორი - ნათელი იყო ნიკა კვარაცხელია, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრებით უდიდესი რამ გააკეთა და ბნელია ბრალდებულების მოქმედებები
პროკურორი - ნათელი იყო ნიკა კვარაცხელია, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრებით უდიდესი რამ გააკეთა და ბნელია ბრალდებულების მოქმედებები

დაცვის მხარემ თქვა, ბრალდების მხარე ცდილობს, თეთრზე თქვას შავიაო; მე გეტყვით ნათელსა და ბნელზე. ნათელი იყო ნიკა კვარაცხელია, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრებით უდიდესი რამ გააკეთა და ბნელია ბრალდებულების მოქმედებები, რაც გააკეთეს, – ამის შესახებ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

პროკურორმა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ რეპლიკით ისარგებლა. ის ადვოკატების განმარტებას გამოეხმაურა ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან დაკავშირებით, რომ ის „შოკურ მდგომარეობაში“ იმყოფებოდა.

„შოკური მდგომარეობა მესმის ხუთი წუთი, ნახევარი საათი, 21 დღე იყო შოკურ მდგომარეობაში? პოლიციელების დანახვაზე გაიქცა. რომელ მოტივზე უნდა გვესაუბრა? ვეკითხებით მოტივს და იმის ნაცვლად, სასამართლოში მაინც თქვან სიმართლე, გარდაცვლილს აყენებენ შეურაცხყოფას – „მექალთანე, მშიშარა, არაფრისმაქნისი“. თითო ჩანთა ტანსაცმელი ჰქონდათ მომზადებული, რომ გაქცეულიყვნენ. თბილისიდან ბორჯომში წასასვლელად პასპორტები არ მიაქვთ, იქ საბაჟო არ არის. ესენი მთელი ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ, ტანსაცმლით, ფულით, პასპორტით. ეს სრულიად სამართლიანი ბრალდებაა და პასუხი უნდა აგოთ ორივე ბრალდებულმა. ყველამ თავისი როლი შეასრულა კონკრეტულ მოქმედებაში, მკაცრად გადანაწილებული როლები ჰქონდათ – ვინ საჭესთან, ვინ იარაღთან და მივიღეთ ეს შედეგი. დაცვის მხარემ თქვა, ბრალდების მხარე ცდილობს თეთრზე თქვას შავიაო. მე გეტყვით ნათელსა და ბნელზე. ნათელი იყო ნიკა კვარაცხელია, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრებით უდიდესი რამ გააკეთა და ბნელია მათი მოქმედებები, რაც გააკეთეს“, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.

პროკურორის თქმით, არც ბრალდებულებს და არც ადვოკატებს არ დაუსახელებიათ გოგონას ვინაობა, რომლის გამოც მოკლა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელია.

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნიკა კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.