პროკურატურის ანგარიში - 2021 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 97 პირის მიმართ დაიწყო
პროკურატურის ანგარიში - 2021 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 97 პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გასულ წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 97 პირის მიმართ დაიწყო, რომელთა შორის 81 ფიზიკური და 16 იურიდიული პირი იყო. აღნიშნულ საკითხზე პროკურატურა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების გამოვლენისა და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს პროკურატურა ზედმიწევნით ასრულებს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის მოწოდებას.

უწყების ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად ყადაღა დადებული იყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებზე. კერძოდ, 2021 წლის მონაცემებით – 5 610 091 ლარზე, 13 531 652 აშშ დოლარზე, 2 463 478 ევროზე, 11 192 ფუნტზე, 8 136 849 აშშ დოლარზე, 4 695 558 ევროსა და 1 555 126 ლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებზწ, 32 ავტომანქანაზე, 19 მიწის ნაკვეთზე, 73 უძრავი ქონებაზე. რაც შეეხება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ჩამორთმეული ქონებების ოდენობას, უწყების ინფორმაციით, გასული წლის სტატისტიკა ასეთი იყო – 9 976 000 ლარი, 919 753 აშშ დოლარი, 77 000 ევრო, 17 ავტომანქანა, ხუთი უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი), ოთხი საცხოვრებელი ბინა და ერთი სასტუმრო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქმეების ანალიზით დგინდება, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ წყაროს ე.წ. ,,პრედიკატს“ წარმოადგენს თაღლითობა. “აღნიშნულმა ასახვა ჰპოვა კიდეც ეროვნული რისკის შეფასების დოკუმენტში.რიგ შემთხვევებში, დანაშაულებრივად მოქმედი პირები საქმიან ნდობაში შედიან მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და თითქოსდა ბიზნეს ან საინვესტიციო დანიშნულებით, მოტყუებით არიცხინებენ თანხებს მათ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე მათი შემდგომი ლეგალიზაციის მიზნით. ცალკეულ შემთხვევებში, დამნაშავეები იყენებენ თაღლითურ ელექტრონულ ფოსტებს, თავს ასაღებენ უცხოური კომპანიების კონტრაგენტებად და შემდგომი ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულებს მოტყუებით არიცხინებენ თანხებს მათ მიერ მითითებულ ანგარიშებზე. ასევე, ფულის გათეთრების არაერთი საქმე უკავშირდება თაღლითური დანაშაულების ისეთ შემთხვევებს, როდესაც კრიმინალური მანიპულაციისა და მოტყუების მსხვერპლად უბრალო მოქალაქეები გვევლინებიან.

გარკვეულ შემთხვევებში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პრედიკატ დანაშაულად გვევლინება კიბერდანაშაული, რაც განპირობებულია ციფრულ ტექნოლოგიებზე საზოგადოების მზარდი დამოკიდებულებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც დამნაშავეები სხვადასხვა ხერხებით (ფიშინგი, ჰაკინგი) უნებართვოდ აღწევენ დაზარალებულის კომპიუტერულ სისტემაში, ეუფლებიან მის კონფიდენციალურ კომერციულ მონაცემებს, საბანკო ბარათის მონაცემებს, ონლაინ ბანკინგში ავტორიზაციისთვის საჭირო კოდებს და მათი ანგარიშებიდან, შემდგომი ლეგალიზაციის მიზნით, ფულად თანხებს ფარულად რიცხავენ მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე.

ფულის გათეთრების საქმეთა უმეტესობა საბანკო სექტორის სერვისებს უკავშირდება, როგორიცაა: საბანკო ანგარიშებზე თანხის შეტანა/ჩარიცხვა და შემდგომ განაღდება/გადარიცხვა, ასევე, საკუთარ ანგარიშებს შორის ფულის მოძრაობა და სხვა ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, ინტერნეტ ბანკინგის მომსახურება, რომლითაც დროის უმოკლეს ვადაში ხდება თანხის კონვერტაცია, დანაწევრება და ტრანზაქციების განხორციელება“, – აღნიშნულია ანგარიშში.