პროკურატურის ანგარიში - 2021 წელს კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ გამოძიება 272 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გასულ წელს გამოძიება კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 272 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. უწყება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს.
პროკურატურა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ამ კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რადგან კორუფცია საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს. შესაბამისად, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა, მათი სტაბილური ფუნქციონირება, განვითარება და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა.
უწყების ცნობით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს მუშაობა სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალიზებული ანტიკორუფციული დანაყოფის გაძლიერებას და ყველა რეგიონალურ დანაყოფში სპეციალიზებული გამომძიებლების დანიშვნას.
„2021 წელს გამოძიება დაიწყო კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 272 სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების დაწყების ძირითად საფუძველს წარმოადგენდა განცხადება/საჩივარი, ოპერატიული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებლები შემდეგია: 2019 წელს – 377 იყო, 2020 – 317, 2021 წელს – 272 . 2021 წელს კორუფციული დანაშაულების ჩადენის ფაქტზე პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 280 პირის, მათ შორის 16 იურიდიული პირის მიმართ. წინა წელთან შედარებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია 22%-ით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
უწყების ინფორმაციით, 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 112 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სექტორში, რაც ფიზიკურ ბრალდებულ პირთა საერთო მაჩვენებლის 42%-ს შეადგენს. ხოლო, მათგან 14 ბრალდებული წარმოადგენდა მაღალი თანამდებობის პირს, მათ შორის იყვნენ – მინისტრის მოადგილე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის თავმჯდომარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვიცე-პრეზიდენტი, მუნიციპალიტეტის გამგებლები, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თბილისის მერიის რაიონის გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს წევრები.
„აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ საჯარო მოხელეთა უდიდეს ნაწილს შეადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირები (სულ 68 პირი, რაც შეადგენს ბრალდებულ საჯარო მოხელეთა 60%-ს). 2021 წელს, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა კორუფციულ დანაშაულში მხილებული 135 პირის მიმართ. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კორუფციული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ იქნა ცნობილი 7 პირი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იკავებდნენ მაღალ თანამდებობას. ყველა მათგანი დასაქმებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
უწყების ცნობით, კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში, მართლმსაჯულების ინტერესების უზრუნველსაყოფად, 2021 წელს ყადაღა დადებული იყო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ შემდეგ ქონებაზე – 145 350 ლარი, 13 289 495 აშშ დოლარი, 2 337 011 ევრო, 11 694 ფუნტი, 34 ავტომანქანა, 313 უძრავი ქონება, 31 429 000 ლარის ღირებულების (ათეულობით უძრავი ქონება), 8 136 849 აშშ დოლარის, 4 695 558 ევროს და 1 555 126 ლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებზე და ორი კერძო სამართლის იურიდიული პირის წილზე. პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წელს, მათ მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად ჩამორთმეული იყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემდეგი ქონება – 9 976 000 ლარი, 419 753 აშშ დოლარი, 101 000 ევრო, 30 უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა.