პროკურატურის ანგარიში - 2021 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 732 პირის მიმართ
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახურ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდება და გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 21,1% შეადგინა. ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე უწყება წლიურ ანგარიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.
უწყების ცნობით, 2014-2020 წლებში მუდმივად მზარდი იყო პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა 2021 წელს, ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა მცირედით დაიკლო და 91% შეადგინა. მათი ინფორმაციით, 2021 წელს, ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა 51%, რაც 2020 წლის მონაცემთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. უწყება აღნიშნავს, რომ 2016-2021 წლებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 1199 ბრალდებულის მიმართ. კერძოდ, 2016 წელს გამოიკვეთა – სამი ბრალდებულის, 2017 წელს – 25 ბრალდებულის, 2018 წელს – 111 ბრალდებულის, 2019 წელს – 120 ბრალდებულის, ხოლო 2020 წელს 208 ბრალდებულის მიმართ.
„2021 წელს კი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 732 ბრალდებულის მიმართ, მათ შორის, გენდერისა და დისკრიმინაციის სხვა ნიშნების ერთობლიობით ( შშმ, რელიგია, ეროვნული კუთვნილება და სექსუალური ორიენტაცია) – რვა პირის მიმართ. დაზარალებულად კი ცნობილი იქნა 754 პირი, მათგან 741 ქალი, 11 კაცი და ორი ტრანსგენდერი ქალი“, – აღნიშნავს უწყება.