პროკურატურაში სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მალხაზ მიქელაძის გამოკითხვა დასრულდა
პროკურატურაში სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მალხაზ მიქელაძის გამოკითხვა დასრულდა

გენერალურ პროკურატურაში სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მალხაზ მიქელაძის გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვაზე ის 4 დეკემბერს, შუადღეს გამოცხადდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მისმა ადვოკატმა, ივანე ჩიტაშვილმა განმარტა, თუ რატომ გაგრძელდა გამოკითხვა ამდენი საათის განმავლობაში.

„გამოკითხვა არის ნებაყოფლობით, მაგრამ ვიცით, რომ კოვიდის გამო კომპიუტერის მონიტორთან ტექნიკური საშუალება იმის შესაძლებლობას არ იძლეოდა, რომ ლაივ რეჟიმში თვალი გვედევნებინა, გამომძიებელი რას კრეფდა. მას შემდეგ, რაც დაკითხვა მორჩა დაახლოებით 21:30 საათზე, დრო დაგვჭირდა, რომ შინაარსს დეტალურად გავცნობოდით. გამოკითხვა ტექნიკურად არ დასრულებულა, რადგან ხვალ ხელის მოწერა და შენიშვნები რაც გვაქვს, გამოკითხვის ოქმში უნდა იყოს ასახული. ხვალ 11:00 საათზე ვართ დაბარებული. დაახლოებით ერთსაათიანი პროცედურა იქნება და ეს გამოკითხვა ტექნიკურად დასრულებული იქნება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ​გამოსაკითხმა პირმა ყველა კითხვას უპასუხა, რომელიც მის მიმართ უყო წარდგენილი.

„ხშირ შემთხვევაში კითხვები კრიტიკულად იყო დასმული, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამომწურავი პასუხები იყო გაცემული. ახალი კითხვები არ იყო, ძირითადად იყო პირველი ჩვენებიდან. ამის დამაზუსტებელი კითხვები იყო. გამომძიებელმა განმარტა, რომ აპირებენ, ბევრი მოწმის ხელმეორედ დაკითხვას, რადგან შესაძლებელია ამ საქმეში ბევრი უზუსტობა ყოფილიყო. ამიტომ, ჩვენ როცა გამოკითხვაზე შევდიოდით, გვკითხეს, გამორიცხავთ თუ არა იმას, რომ მოხდეს მალხაზ მიქელაძის დაკავება. ამას გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ გამოვრიცხავთ, თუმცა ფაქტია, რომ მალხაზ მიქელაძის მიმართ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება. არ ვიცით, პროკურატურა რას გადაწყვეტს, მაგრამ დღეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადეთ, რომ მალხაზ მიქელაძე გამოცხადდა და ჩვენება მისცა. დაკავების მოლოდინი გამორიცხული არასოდეს არ არის, რადგან არ ვიცით, პროკურატურა რას წყვეტს და როგორ გადაწყვეტს.

ხვალ, 11:00 საათზე გამოვცხადდებით. გამოკითხვის პროცედურას დავასრულებთ და იმედია, გამოძიებას მეტი კითხვა აღარ ექნება. მალხაზ მიქელაძის მიმართ არანაირი ფაქტი არ არსებობს, რომელიც შეიძლება, მის ბრალეულობას მიუთითებდეს ისევე, როგორც სხვა პირების, თუმცა იყო კრიტიკული კითხვები, რომელსაც პასუხი გაეცა. იყო ტექნიკური დეტალები, კარტოგრაფიული და გეოდეზიური საქმიანობა და ბევრი სხვა წვრილმანი, რომელიც შესაძლებელია, არ იყოს კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია. მალხაზ მიქელაძე არის კარიერი დიპლომატი და მის მიმართ დასმული კითხვები წესით და კანონით არ უნდა ყოფილიყო დასმული. იყო კითხვები, რომლის ადრესატი მალხაზ მიქელაძე არ უნდა ყოფილიყო. განცდა, რომ პროკურატურის წარმომადგენელი შეიძლება არაკომპეტენტური იყოს, ტენდენციური იყოს თუ მიკერძოებული, ასეთი ვარაუდების გამოთქმა შესაძლებელია, თუმცა კონკრეტული ფაქტი და მტკიცებულება არ არსებობს“, – აღნიშნა ადვოკატმა ივანე ჩიტაშვილმა.

მალხაზ მიქელაძე 2004-2005 წლებში სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე იყო. ახლა კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები 211 პირის თავდებობის საფუძველზე ითხოვდნენ ილიჩოვასა და მელაშვილის გათავისუფლებას.