პროკურატურამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაში არის აღნიშნული.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.
გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.