პროკურატურამ შვედეთის მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში.

ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს შვედეთის სამეფოს მოქალაქესთან, რომელსაც წარსულში დაკარგული აქციების დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების აღმოჩენის პროცესში, ჯამში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მოტყუებით გადაარიცხინეს ჩეხეთში, ა.ჩ.-ს მიერ დაფუძნებული არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რომელსაც ა.ჩ., ზ.დ. და თ.წ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა დაანაწევრეს და არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხეს საქართველოში, ა.ჩ.-ს, თ.წ.-ს და მათთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნული ქმედებებით, ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ ჯამში 48 900 ევროს (151 416.9 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ა.ჩ.-ს, ზ.დ.-ს და თ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.