პროკურატურა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულისთვის 20-წლიანი პატიმრობის განაჩენს გაასაჩივრებს
პროკურატურა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულისთვის 20-წლიანი პატიმრობის განაჩენს გაასაჩივრებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს 20- წლიანი პატიმრობა შეეფარდა, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ბრალდების მხარის წარმომადგენელმა, პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებას ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ბესიკ ტაკიძეს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდა.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა. ბესიკ ტაკიძე, რომლესაც სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობა ედებოდა ბრალად, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გვქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ბესიკ ტაკიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდა. მას შემდეგ, რაც ჩავიბარებთ სასამართლოს განაჩენს, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ”,- განაცხადა ფრიდონ ქარცივაძემ

სასამართლოს განაჩენი მოკლული პოლიციელის ახლობლებმაც გააპროტესტეს და დღეს ბათუმის რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. ისინი მსჯავრდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვენ.

შეგახსენებთ, გასული წლის 15 ივნისს, ღამით სოფელ მუხაესტატეში ბესიკ ტაკიძემ პოლიციის განყოფილების უფროსს ბუტა ანთაძეს ზურგის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ პოლიციელთან ტაკიძეს წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა.