პროფესიულ რინგზე ბოლო შვიდ დღეში მეორე სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რინგზე მიღებული დაზიანებების გამო, მეორე პროფესიონალი მოკრივე გარდაიცვალა.
23 წლის არგენტინელ უგო სანტილიანასთვის საბედისწერო აღმოჩნდა შეხვედრა ურუგვაელ ედუარდო აბრეუსთან.
როგორც არგენტინული გაზეთი Clarin წერს, ბრძოლის დასრულების შემდეგ, სანტილიანი საავადმყოფოში მიიყვანეს ტვინში სისხლჩაქცევით. ოპერაციის შემდეგ, მოკრივეს ორჯერ გაუჩერდა გული. ის 25 ივლისს, დილით გარდაიცვალა.
სანტილიანი მსოფლიო საკრივო ორგანიზაციის (WBO) ვერსიით, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი იყო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რინგზე მიღებული ტრავმებისგან ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსი მოკრივე, მაქსიმ დადაშევი გარდაიცვალა.