პრობლემა მოგვარდა - არაბიძემ „ტორპედოში“ თამაშის უფლება მიიღო #1TVSPORT
გიორგი არაბიძის თაობაზე არსებული იურიდიული პრობლემები მოგვარდა და 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშე უკვე ოფიციალურად გახდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„გიორგი არაბიძის ირგვლივ არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილია. ჩვენი ახალწვეული მომდევნო თამაშებში შეძლებს კლუბის დახმარებას! წარმატებები ვუსურვოთ გიორგის!“, – ვკითხულობთ „ტორპედოს“ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი არაბიძე „ტორპედოში“ ზამთრიდან ვარჯიშობდა, ქუთაისელებთან მოსამზადებელი ეტაპი სრულად გაიარა და კონტრაქტი იანვარში გააფორმა. ქუთაისის „ტორპედოს“ მხრიდან ამ ტრანსფერის განსახორციელებლად დოკუმენტაცია სრულად იქნა მიწოდებული.
თუმცა პორტუგალიური „ნასიონალიდან“, რომელსაც მისი ტარნსფერი ეკუთვნოდა, გათავისუფლების ფურცელი არ მოდიოდა. ქუთაისელთა განმარტებით, პროცესი პორტუგალიური მხრიდან „სამტრედიასა“ და არაბიძის შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებისა და სათანადო დოკუმენტაციის არ გამოთხოვნის გამო იყო შეფერხებული.
იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო, გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ქუთაისის „ტორპედოს“ ეროვნული ლიგის საწყის სამ ტურში ვერ დაეხმარა. ასე რომ არაბიძეს უკვე მომდევნო მატჩში ვიხილავთ ქუთაისის „ტორპედოს“ ფორმით. ქუთაისელები 13 მარტს „რამაზ შენგელია – არენაზე“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებენ.