პრეზიდენტს რომ შევთავაზო, სამსახურიდან გამიშვებს - სანიოლმა კვარაცხელიაზე ფრანგული კლუბის რეაქცია გაიხსენა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული გვარის ხსენებაზე მენეჯერს შეეშინდა, რომ გუნდიდან დაითხოვდნენ.
ვილი სანიოლმა ქართული ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ადრე გავრცელებულ ინფორმაციაზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და არ დამალა, რომ ფრანგულ კლუბებში ფეხბურთელის შეთავაზებაზე ხვიჩას წარმომავლობის გამო დასცინეს.
„ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო ეთამაშა საფრანგეთის ლიგა 1-ში, ფრანგული კლუბების ხელმძღვანელებს მისი შესაძლებლობების რომ ერწმუნათ – ეს მაშინ, როდესაც ხვიჩას კანდიდატურა ვურჩიე. თუმცა, მასზე ფსონის დადება ვერავინ გაბედა. მეტიც, მის წარმომავლობასაც კი დასცინოდნენ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა RMC Sport-თან ინტერვიუში.
ფრანგმა სპეციალისტმა გაიხსენა, რომ ქართველი ფეხბურთელის უბრალოდ არ სჯეროდათ:
„მთხოვეს, ლათინური მეტსახელი მეპოვა კვარაცხელიასთვის და ერთ-ერთმა ისიც არ დამალა, რომ პრეზიდენტს მის კანდიდატურას თუ შევთავაზებ, სამსახურიდან გამიშვებენო“.
ამავე დროს, სანიოლმა RMC Sport-თან აღიარა, რომ ერთ-ერთი მიზეზი ფინანსების ნაკლებობაც იყო:
„ფრანგულ გუნდებს არ გააჩნიათ დიდი ევროპული კლუბების სადაზვერვო შესაძლებლობები, კვარაცხელიას მსგავსი თვითნაბადი ტალანტები რომ აღმოაჩინონ. ის გარკვეულწილად ჰგავს ფრანკ რიბერის, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებებიცაა. კვარაცხელია იტალიაში გატარებული 3 თვის შემდეგ თამაშს აუმჯობესებს, მაგრამ შეუძლია უფრო ეფექტური იყოს“.
ბოლოს, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველის თქმით, ხვიჩა სქემებში არ უნდა ჩასვა:
„ნაკლი? ეს ჩვენ ყოველთვის გვაქვს. მთავარი პლუსებია. მისი განვითარება კომბინირებული თამაშითაა შესაძლებელი, მაგრამ ის ძალიან არ უნდა ჩაკეტო, სქემაში არ მოაქციო და არაპროგნოზირებადად დარჩება. თუმცა, გუნდურობასა და ინდივიდუალიზმს შორის სასურველი ბალანსი უნდა მოიძებნოს“.