პრესამ გამოაქვეყნა კუმანის სიტყვები, რომლის შემდეგ მესიმ „ბარსელონადან“ წასვლა გადაწყვიტა
ცნობილი გახდა „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის სიტყვები, რამაც ლიონელ მესის გუნდიდან წასვლის სურვილი აღუძრა.
როგორც ესპანური პრესა წერს, არგენტინელმა თავისი მომავალი ნიდერლანდელ სპეციალისტთან საუბრის შემდეგ განსაზღვრა.
„პრივილეგიები დასრულებულია, საჭიროა ყველაფერი გუნდისთვის კეთდებოდეს. ვიქნები ურყევი. შენ გუნდზე უნდა იფიქრო“, – უთხრა კუმანმა მესის.
აღნიშნავენ, რომ 33 წლის ფორვარდი გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყო ამ სიტყვების გამო.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ დაადასტურა ინფორმაცია – კლუბმა ლიონელ მესისგან წასვლაზე ოფიციალური განაცხადი მიიღო. ამის შემდეგ, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ დირექტორთა საბჭოს საგანგებო კრება მოიწვია, რათა ეს საკითხი განიხილოს. ხელმძღვანელები შეეცდებიან იურიდიულად დაბლოკონ არგენტინელთან კონტრაქტის გაწყვეტა.