პრემიერლიგის კლუბები სამჯერ მეტს გადაუხდიდნენ - გულშემატკივრები კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს აკრიტიკებენ #1TVSPORT
„ფუტბოლ მერკატოს“ ჟურნალისტმა სანტი აუნამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაწყებული მოლაპარაკება დასასრულს მიუახლოვდა.
„კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ხელშეკრულების გაგრძელებაზე დათანხმდა, ახალი კონტრაქტი ძალაში 2028 წლის ივნისამდე იქნება, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში (ბონუსების ჩათვლით) 4 მილიონ ევრომდე გაიზარდება. ბოლო დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი“, – წერს სანტი აუნა.
აქ მთავარი ერთი გარემოებაა – ახალ ხელშეკრულებაში არ იქნება პუნქტი კონტრაქტის გამოსყიდვის შესახებ, რაც მოულოდნელია, ხოლო ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით – უცნაურიც.
„ხვიჩა კვარაცხელია სწრაფად ჩამოყალიბდა ევროპულ ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემტევ მოთამაშედ, რომელმაც „ნაპოლიში“ 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველი გარემარბი „ნაპოლიში“ ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა და ამბობენ, რომ მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ დააინტერესა.
ბევრი ელოდა, რომ კლუბი ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდიდა, თუმცა „ნაპოლის“ გულშემატკივრები გაოცებულნი არიან იმით, თუ რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია. ახალი კონტრაქტით მისი ხელფასი წელიწადში 4 მილიონი ევროა, ბონუსების ჩათვლით. ეს კვირაში დაახლოებით 67 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს“, – წერს გამოცემა sportbible და გულშემატკივრების ყველაზე საინტერესო კომენტარებს აქვეყნებს.
„პრემიერლიგის კლუბები თავისუფლად გადაუხდიდნენ ორჯერ და სამჯერ მეტს“…
„ეს სუპერვარსკვლავისთვის ძალიან დაბალი ხელფასია“…
„კვირაში 67 ათასი ბონუსების ჩათვლით?.. გასაკვირი არ არის, რატომ სურთ მოთამაშეებს პრემიერლიგაში გადასვლა“.
„რა საშინელი კონტრაქტია. ხუთი წელი, კვირაში 75-80 ათასი, გათავისუფლების პუნქტის გარეშე. ამ ბიჭს კარგი აგენტი რომ ჰყავდეს, ორმაგ თანხას მიიღებდა“, – წერენ გულშემატკივრები.