პრემიერლიგაში 11 მარტს ორი ლონდონური გრანდი თამაშობდა.
“არსენალი” საკუთარ მოედანზე იღებდა “უოტფორდს“, რომელსაც “ემირეიტზე” ბოლო სამი მატჩიდან ორი ჰქონდა მოგებული და იმედოვნებდა, რომ მეტოქე დაღლილი იქნებოდა ევროპის ლიგაზე “მილანთან” სტუმრობის შემდეგ. მაგრამ, არსენ ვენგერის გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა.
შესვენებამდე შკოდრან მუსტაფიმ თავით გაიტანა სტანდარტულიდან. ეს იყო მე-1000 საშინაო გოლი “არსენალისთვის” პრემიერლიგაში (მეორე მაჩვენებელი “მანჩესტერ იუნაიტედის” შემდეგ). პასი მუსტაფის იოზილმა გაუკეთა, რომლისთვისაც ეს 50-ე საგოლე გადაცემა იყო ინგლისის ჩემპიონატში.
მეორე ტაიმში “არსენალმა” კიდევ ორი გაიტანა: ჯერ მხითარიანმა ობამეიანგი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, შემდეგ კი თავად დაასწრო ყველას დამატებაზე. “არსენალი” მეექვსეა და 12 ქულით არის დაშორებული ჩემპიონთა ლიგის ზონას. ამ ტურნირზე მოხვედრის შანსი არსენ ვენგერის გუნდს ევროპის ლიგის მოგებით უფრო აქვს.
“ტოტენჰემი” სტუმრად თამაშობდა “ბორნმუთის” წინააღმდეგ და გოლი მეშვიდე წუთზე გაუშვა. ლონდონელებმა დიდი ხანი ვერ დაალაგეს თამაში, თან მასპინძელთა მეკარე ბეგოვიჩმა ტრავმა მიაყენა ჰარი კეინს.
ამ მომენტიდან ორ წუთში დელე ალიმ შეწყვიტა 15-მატჩიანი უგოლო სერია და ანგარიში გაათანაბრა. “ბორნმუთმა” მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო, მაგრამ ვერ გაიტანა და სამი გოლი მიიღო. 4:1 – ჰიეონ-მინ სონის დუბლით, მაგრამ “ტოტენჰემისთვის” ცუდი ის არის, რომ ბოლოსკენ ალი და როუზიც დაემტვრნენ.
“ტოტენჰემმა” “ლივერპულს” გაასწრო და მესამე ადგილზე გადავიდა.