პორტუს პრეზიდენტ პინტუ და კოშტას თქმით, დანილოს ძალიან გაუმართლა, მოჰამედ სალაჰის ქმედების შედეგად ფეხი რომ არ მოიტეხა.
გუშინ, 9 აპრილს, ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, საკუთარ მოედანზე, პორტუ ნაბი კეიტასა და რობერტო ფირმინოს გოლებით დაამარცხა.
84-ე წუთზე, როდესაც ანგარიში უკვე 2-0 იყო, ინგლისელთა ეგვიპტელმა ლეგიონერმა სახიფათოდ გაიშვირა ფეხი ბურთისკენ და პორტუგალიელ დანილოს კინაღამ უმძიმესი ტრავმა მიაყენა. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მსაჯს სალაჰის გაძევებაც შეეძლო, თუმცა ასეთ რადიკალურ ზომამდე საქმე არ მისულა და გუნდებმა მატჩი რიცხობრივი დანაკლისის გარეშე ჩაამთავრეს.
„დანილომ ღმერთს მადლობა უნდა შესწიროს, რომ ფეხი არ მოიტეხა. სალაჰს ბურთზე არ უთამაშია“, – განაცხადა პინტუ და კოშტამ.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ქალაქ პორტუს დრაგაოს სტადიონზე 17 აპრილს გაიმართება.