პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მასპინძლებთან დამარცხდა #1TVSPORT
პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მასპინძლებთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე მეორე მატჩი მასპინძელ პორტუგალიასთან გამართა და 1:4 დამარცხდა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველი მატჩი ფინელ თანატოლებთან ფრედ – 1:1 დაასრულა. ამჯერადაც გუნდმა ტროფას „ისტადიუ დუ კდ ტროფენსეზე“ გამართულ მატჩში მეტოქეს წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწია, მაგრამ დამატებულ დროში პორტუგალიელებმა ანგარიში გახსნეს.

მეორე ტაიმი ჩვენმა 18-წლამდელებმა ჩააგდეს და 4:1 წააგეს. ერთადერთი გოლი ნიკოლოზ ნინიძემ გაიტანა, რომელმაც თავი პირველ შეხვედრაშიც გამოიჩინა.

პორტუგალია U18 – საქართველო U18 4:1

გოლები: 1:0 როდრიგუ მენდეში (45+1), 2:0 დიეგო როდრიგესი (48), 3:0 გუსტავო ვარელა (55), 3:1 ნიკოლოზ ნინიძე (90+1. ლუკა შეროზიას პასით), 4:1 ჟოზე როდრიგესი (90+3. ივან ლიმას პასით)

ჩვენი ასაკობრივი ნაკრები ბოლო შეხვედრას ტურნირზე 28 მარტს გამართავს – 18-წლამდელები ავსტრიას დაუპირისპირდებიან.

28 მარტი. 15:00

საქართველო – ავსტრია