პორტუგალიასთან გასამართ წლის პირველ მატჩში ბორჯღალოსნებს ოთხი დებიუტანტი შეუერთდა #1TVSPORT
პორტუგალიასთან გასამართ წლის პირველ მატჩში ბორჯღალოსნებს ოთხი დებიუტანტი შეუერთდა #1TVSPORT

კვირას, 6 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული გუნდი პორტუგალიას შეერკინება.

წლის პირველი მატჩისთვის ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა და აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების განაცხადში ოთხი დებიუტანტია. სანდრო მამამთავრიშვილი მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდება, ხოლო ლუკა ნიორაძე, ნიკო აფციაური და დავით მესხი მარქაფაში იქნებიან.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი: „ბიჭებმა დასახული გეგმის მიხედვით კარგად ივარჯიშეს. სამწუხაროა, რომ კოვიდ-ინფექციის გამო თავიდანვე გამოგვაკლდა მოთამაშეთა ნაწილი და შემდგომ, ვარჯიშის პროცესშიც განვიცადეთ დანაკლისი. აქედან გამომდინარე ბოლომდე კომფორტულად ვერ ვართ და გარკვეული გადაადგილებები მოგვიწია, მაგრამ საბედნიეროდ, გვყავს რეზერვი „შავი ლომიდან“. მთლიანობაში, სასურველი შემადგენლობა არ გვყავს, თუმცა ამას მეორე, კარგი მხარეც აქვს – სხვა მოთამაშეებს მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი“.

ტრიბუნებზე გულშემატკივრები დაიშვებიან, მაგრამ მხოლოდ სტადიონის საერთო ტევადობის 33 პროცენტი.

„გულშემატკივრის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მათი გვერდში დგომით განებივრებულები ვართ. ეს ჩვენთვის დამატებითი ემოციაა და ვეცდებით იმედები არ გავუწბილოთ“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან გასამართ მატჩში

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 80 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა).

მარქაფა16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, უკეპო), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), 20. ნიკო აფციაური (შავი ლომი, უკეპო); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), 23. დავით მესხი (ენისეი, უკეპო).