„პორტლენდმა“ „მემფისის“ გავლით პლეი ოფს მიაღწია - ლილარდი ლებრონის წინააღმდეგ (ვიდეო)
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია. რეგულარული ეტაპის დასრულების შემდეგ გასარკვევი იყო მხოლოდ ერთი გუნდის ვინაობა, რომელიც პლეი ოფში დასავლეთის კონფერენციის ლიდერ „ლეიკერსს“ შეუწყვილდებოდა.
ამ საპატიო პოზიციისთვის იბრძოდნენ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ და „მემფის გრიზლისი“. ვინაიდან პორტლენდელებს რეგულარულში მეტოქეზე უკეთესი პოზიცია ჰქონდათ, გადათამაშებაშიც 1:0 დაწინაურდნენ. 15 აგვისტოს თუ „მემფისი“ მოიგებდა, სერიაში ანგარიში გათანაბრდებოდა და დამატებითი მატჩი გახდებოდა საჭირო. „პორტლენდის“ მოგების შემთხვევაში კი მემფისელები პლეი ოფზე ოცნებას დაემშვიდობებოდნენ.
მეოთხე პერიოდამდე წინ „გრიზლისი“ იყო, გადამწყვეტ თორმეტწუთეულში კი „ბლეიზერსმა“ 37:28 იმარჯვა და საბოლოო ანგარიშიც თავის სასარგებლოდ დააფიქსირა – 126:122.
მემფისელმა მორანმა 35 ქულა ჩააგდო, რასაც ფასი „პორტლენდის“ ლიდერის, ლილარდის 31 ქულამ და 10-მა პასმა დაუკარგა. გამარჯვებულთაგან ეფექტური დუბლით გამოირჩა იუსუფ ნურკიჩი – 22 ქულა, 21 მოხსნა.
„ლეიკერსი“-„პორტლენდის“ საპლეიოფო ბრძოლები 19 აგვისტოდან დაიწყება.