პორტლენდი და გოლდენ სტეიტი ნახევარფინალს მიუახლოვდნენ
პორტლენდი და გოლდენ სტეიტი ნახევარფინალს მიუახლოვდნენ

დასავლეთ კონფერენციაში ნახევარფინალის საგზურებს თითო გამარჯვება აშორებთ პორტლენდსა და გოლდენ სტეიტს. „ტრეილ ბლეიზერსმა“ სერიის მეოთხე მატჩში სტუმრად დაამარცხა ოკლაჰომა და საერთო ანგარიშში 3:1 დაწინაურდა. ორეგონელებმა 111-98 გაიმარჯვეს. აღნიშნული წარმატება კვლავ მაკკალუმი-ლილიარდის ტანდემმა განაპირობა. გუნდის ლიდერებმა საერთო ჯამში 51 ქულა მოაგროვეს. მასპინძელთა შემადგენლობაში 32 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო. სერიის მეხუთე მატჩი პორტლენდში ჩატარდება და „ტრეილ ბლეიზერსი“ გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს გაიფორმებს.

ორივე გასვლითი მატჩი მოუგო გოლდენ სტეიტმა ლოს ანჯელეს „კლიპერსს“. მოქმედმა ჩემპიონმა გუშინ ანგარიშით 113-105 გაიმარჯვა და დიდი ალბათობით სერიას საკუთარ მოედანზე დაასრულებს. ოკლენდელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ. მესამე მეოთხედის ბოლოსკენ ლოსანჯელესელებმა გაიბრძოლეს და მეტოქესთან სამი ქულის დისტანციაზე მიახლოვება შესძლეს, თუმცა დარჩენილ დროში ფავორიტმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. კევინ დურანტმა 33 ქულით, 7 მოხსნით და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა თამაში. კლეი ტომპსონის ანაგრიშზე კი 32 ქულა დაფიქსირდა. „უორიორსი“ სერიას 3:1-ს იგებს. 25 აპრილს მეხუთე დაპირისპირება „ორეკლ არენაზე“ შედგება.

გუშინვე ტორონტო „რეპტორსმა“ ზედიზედ მეორე გასვლითი თამაშიც მოუგო ორლანდო „მეჯიქს“ და კანადური კლუბიც მომდევნო ეტაპთან ერთ ნაბიჯშია. შეგახსენებთ, რომ პირველი გუნდი, რომელმაც აღმოსავლეთ კინფერენციის ნახევარფინალის საგზური გაინაღდა, ბოსტონ „სელტიქსია“. ბოსტონელებმა ინდიანა „პეისერსი“ სერიაში მშრალი ანგარიშით, 4-0 დაამარცხეს.