„სან ანტონიო სპურსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის შეხვედრაში „ოკლაჰომა“ უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში, ოვერტაიმში დაამარცხა. ტეხასური გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის ეს გამარჯვება გამორჩეული გამოდგა. „პოპმა“ სამწვრთნელო კარიერაში რიგით 1222 გამარჯვება იზეიმა და ამ შედეგით ჯერი სლოუნს გადაასწრო, რომელიც თავის დროზე „ჩიკაგოს“ და „იუტას“ ხელმძღვანელობდა.
პოპოვიჩი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, ნბა-ში მოპოვებული მოგებების მხრივ, მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი უკვე მესამეა. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე 1335 მოგებით დონ ნელსონია. მეორე პოზიციას 1332 მოგებით კი ლენი ვილკენსი იკავებს.