„პონფერადინიდან“ „მარიტიმუში“ - მაკარიძე პორტუგალიაში დაბრუნდა #1TVSPORT
„პონფერადინიდან“ „მარიტიმუში“ - მაკარიძე პორტუგალიაში დაბრუნდა #1TVSPORT

გიორგი მაკარიძემ სეგუნდა დივიზიონის „პონფერადინა“ დატოვა და პორტუგალიის პრიმეირალიგის „მარიტმუსთან“ გააფორმა კონტრაქტი, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა „რეკორდი“ ავრცელებს.

„ჩვენი ინფორმაციით, მეკარე გიორგი მაკარიძე „მარიტიმუს“ მეშვიდე შენაძენია ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე. 32 წლის ქართველი მეკარე „პონფერადინას“ ახლახან დაშორდა და ახლად დანიშნული მწვრთნელის, ხოსე გომესის გუნდს შეუერთდა, ვისთანაც ესპანეთში მუშაობდა. მაკარიძემ „პონფერადინიდან“ წასვლის სურვილი თავად გამოხატა და კლუბი დათანხმდა მოლაპარაკებას, რაც კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებით დასრულდა. მაკარიძე „პონფერადინას“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და შვიდი მატჩი ჩაატარა“, – წერს Record-ი.

32 წლის მაკარიძე პორტუგალიაში დაბრუნდა. თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი გამოდიოდა „დინამო 2“-ში და ისე წავიდა ევროპაში, ფრანგულ „ლე მანში“, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ერთხელაც არ უთამაშია. შემდეგ იყო კვიპროსული „დოქსა“, რასაც მოჰყვა მაკარიძის პორტუგალიური კარიერა – მან ოთხ პორტუგალიურ კლუბში („სეტუბალი“, „რიუ ავე“, „მორეირენშე“, „ფეირენშე“) ითამაშა. 2022 წელს ესპანეთში გადავიდა, სადაც ჯერ „ალმერიას“ მეკარე იყო, 2022 წლის 4 ივლისს კი კონტრაქტი „პონფერადინასთან“ გააფორმა.

გორგი მაკარიძის ახალი კლუბი პორტუგალიის 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 15 ტურში 28 გოლი გაუშვა. მაკარიძე იყო ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი კი 17 წლის ასაკში ჩაატარა (17 მატჩი).