თემურ ქეცბაია ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი პოლონური კლუბის, ვარშავის ”ლეგიას” მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი პოლონური სპორტული გამოცემა.
კლუბმა ექსტრაკლასას ბოლო ტურში ლუბინის ”ზაგლებიესთან” წააგო (0:1) და კლუბის პრეზიდენტმა დარიუშ მიოდუსკიმ ხორვატი რომეო იოზაკი გაათავისუფლა. მის ნაცვლად კი დროებით დინ კლაფურიჩი დანიშნა.
”მიოდუსკიმ სასწრაფოდ დაიწყო ახალი მწვრთნელის ძიება. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი უკვე ელაპარაკა თემურ ქეცბაიას, რომელიც ამ ეტაპზე, ერთ-ერთ ყველაზე რეალურ და სასურველ კანდიდატად რჩება. საინტერესოა, რომ მისი ვარიანტი 2017 წელსაც განიხილებოდა, მაგრამ მერე ფსონი იოზაკზე დაიდო” – წერს პოლონური გამოცემა და ქეცბაიას ახასიათებს, როგორც ხისტ და ემოციურ მწვრთნელს.
შეგახსენებთ, რომ 50 წლის ქეცბაია წვრთნიდა ფამაგუსტას ”ანორთოსისს”, პირეოსის ”ოლიმპიაკოსს”, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ნიქოზიის ”აპოელს”, ათენის აეკ-ს, ბოლოს კი რუსულ “ორენბურგში” (მეორე რუსული ლიგა) მუშაობდა.