პოლონური ლეგიონი - კაკაბაძის საგოლე გადაცემა „რადომიაკთან“ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურში პოზნანის „ლეხმა“ ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0. პოზნანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა კვეკვესკირი, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.
ახალ სეზონზე პოლონეთის ჩემპიონატში ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – მაგალითად, „ზაგლებიეს“ ძირითადში ზაბჟეში „გურნიკთან“ მატჩში ისევ გამოჩნდა ორი ქართველი – გურამ გიორბელიძე და თორნიკე გაფრინდაშვილი. პირველმა შეუცვლელად ითამაშა, გაფრინდაშვილი კი 62-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა 3:2 მოიგეს.
ლოძში „ვიძევთან“ ჩასტოხოვას „რაკუვმა“ ქულა მოიპოვა – 0:0. ვაკო გვილია სტუმართა განაცხადში არ იყო, როგორც სანაკრებო პაუზამდე ჩატარებულ შეხვედრებში – 28 წლის ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების შეკრებაზეც არ იყო, რადგან ტრავმა აქვს. ასევე არ უთამაშია ლუკა ზარანდიას კელჩეს „კორონაში“, რომელიც სტუმრად „იაგელონიასთან“ 1:4 დამარცხდა.
განვლილ ტურში ქართველებიდან თავი მხოლოდ ოთარ კაკაბაძემ გამოიჩინა, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა „კრაკოვიაში“, რომელმაც გასვლაზე რადომის „რადომიაკთან“ 2:0 გაიმარჯვა.
11 ტურის შემდეგ ქართველების გუნდებიდან საუკეთესო პოზიციაში „რაკუვია“ (20 ქულა), რომელიც მეოთხე ადგილზეა, მას 3 ქულით და ერთი ადგილით ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ ჩამორჩება, „ზაგლებიე“ (16) მერვეზეა, პოზნანის „ლეხი“ – მეათეზეა, ხოლო „კორონა“ – მეთერთმეტეა.