პოლონური გამოცემა - კუპატაძეს „ლეგია“ და „ლეხი“ იწვევდნენ, მაგრამ რუმინეთში ითამაშებს #1TVSPORT
პოლონური გამოცემა „ტრანსფერ ინფო“ ბათუმის „დინამოდან“ მეკარე ლაზარე კუპატაძის გაშვებას გამოეხმაურა და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
„ბათუმის „დინამომ“ 26 წლის მეკარეს ლაზარე კუპატაძეს კონტრაქტი გაუწყვიტა. მეკარემ კლუბი დატოვა პოზნანის „ლეხთან“ გამანადგურებელი წაგების შემდეგ, სადაც ხუთი გოლი გაუშვა. კუპატაძე „ლეხთან“ მატჩს წარმატებულად ვერ ჩათვლის. ევროპის კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში, პოლონეთის ჩემპიონებთან, ქართველი აშკარად ჩავარდა, რამაც პოზნანელებს საშუალება მისცა პირველივე მატჩში გადაეწყვიტათ ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი. ამან აშკარად გააღიზიანა კლუბი, რომელმაც მასთან კონტრაქტი გააუქმა“, – წერს გამოცემა.
ავტორის მტკიცებით, საქართველოს ნაკრების 26 წლის მეკარესთან კონტრაქტის გაფორმებით კონფერენს ლიგაზე პოზნანის „ლეხთან“ მატჩამდე ორი პოლონური კლუბი იყო დაინტერესებული.
„თბილისის „საბურთალოს“ აღზრდილმა, უკვე მიაღწია შეთანხმებას ახალ დამსაქმებელთან – რუმინულ ბუქარესტის „დინამოსთან“. არც ისე დიდი ხნის წინ, კუპატაძით დაინტერესდნენ პოლონური გუნდები, ვარშავის „ლეგია“ და პოზნანის „ლეხი“, მაგრამ ქართველი მეკარე კლუბში დარჩა. ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ლაზარე კუპატაძე აჭარულ გუნდში, როგორც წესი, ღირსეულად თამაშობდა და გუნდის დაცვის სქემის ხარისხის გარანტი იყო“, – ამტკიცებს პოლონური გამოცემა.