პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პოლონეთი და გერმანია მარტის ბოლოს უკრაინისთვის „ჯავშანტექნიკის კოალიციას“ გაააქტიურებენ
პოლონეთი და გერმანია გაააქტიურებენ „ჯავშანტექნიკის კოალიციას“, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იქნება საბრძოლო ტანკებზე და მიმართული იქნება უკრაინის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ვარშავის მახლობლად გერმანელ კოლეგასთან, ბორის პისტორიუსთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
კოსნიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ გერმანელი კოლეგის პირადი მონაწილეობა პოლონეთთან მუშაობაში არის მეგობრობის, პარტნიორობისა და იმაზე ფიქრის ნიშანი, თუ რა უნდა გაკეთდეს დღეს უკრაინის დასახმარებლად, ასევე მუშაობა ევროპის, ნატო-ს ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, ცივილიზაციისა და მომავლისთვის.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიცია, რომელიც შეიქმნა. ჩვენ ორი წამყვანი ქვეყანა ვართ ამ პროექტში, თუმცა სხვა პარტნიორებიც შემოგვიერთდნენ, კერძოდ, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და იტალია“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნებისმიერი სიტუაციისთვის მომზადების აუცილებლობას.
„არავინ იცის, დაესხმება თუ არა რუსეთი ევროპაში ვინმეს თავს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მას შეუძლია და სურს უკრაინაზე თავდასხმა და ამას აკეთებს უკვე ორ წელზე მეტია. ასე რომ, ჩვენ, ყველამ ერთად, მოკავშირეებმა, უნდა ვისწავლოთ მზადყოფნა ნებისმიერი საფრთხისადმი, განსაკუთრებით იმ საფრთხისადმი, რომელიც მოდის პუტინის რუსეთისგან ნებისმიერ დროს. ეს არის ამოცანა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ და რომელზეც ვმუშაობთ“, – განაცხადა პისტორიუსმა.
ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის საკმარისი თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობების მიწოდების აუცილებლობას ჭურვებისა და იარაღის სახით.