„პოლიტიკო“ - რესპუბლიკელმა სენატორმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის ინიციატივა დაბლოკა
რესპუბლიკელმა სენატორმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის ინიციატივა დაბლოკა. როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, აშშ-ის სენატი ამ კვირაში აპირებდა, დაემტკიცებინა ჯო ბაიდენის ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა, თუმცა ეს ძალისხმევა რესპუბლიკელმა რენდ პოლმა დაბლოკა.
პოლმა მოითხოვა, რომ 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტში შეეტანათ ნორმა, რაც ითვალისწინებს სპეციალური საზედამხედველო ორგანოს შექმნას, რომელიც ამ თანხის გამოყენებას გააკონტროლებს.
სენატორი არ დაეთანხმა კომპრომისულ ვარიანტს, რომ ეს წინადადება ცალკე შესწორებად განეხილათ და მოითხოვა, რომ ეს ცვლილება უკვე არსებულ კანონპროექტში შეეტანათ. შესაბამისად, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვა შემდეგ კვირაში განახლდება.
„მე ფიცი დავდე, ვემსახურო აშშ-ის კონსტიტუაციას და ეს ფიცი რომელიმე უცხო სახელმწიფოს წინაშე არ დამიდია. რაც არ უნდა კეთილშობილი იყოს მიზეზი, მე ვემსახურები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ ვერ გადავარჩენთ უკრაინას აშშ-ის ეკონომიკის გაწირვით. აშშ-ის ინფლაცია იზრდება და ეს გამოწვეულია დეფიციტის ხარჯვით. წარმოდგენილი კანონი ითვალისწინებს 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ხარჯს. ეს არის მეორე მსგავსი კანონი ამ ორ თვეში. ამ კანონის ფინანსური ხარჯი სამჯერ აღემატება პირველ პაკეტს. ჩვენ უკრაინელებს სამხედრო დახმარებას წლების განმავლობაში ვუწევთ. 2009 წლიდან აშშ-მა 6 მილიარდი დოლარზე მეტი დახარჯა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამას უნდა დავამატოთ კიდევ 14 მილიარდი, რომელიც კონგრესმა გასულ თვეს გამოყო. თუ ეს კანონი დამტკიცდება, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გაწეული ხარჯი 60 მილიარდს მიაღწევს. ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა ხარჯავს სამხედრო სფეროში. თუ ეს კანონი დამტკიცდა, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება გაუტოლდება რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს“, – განაცხადა რენდ პოლმა.