პოლიციამ სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობის და ძარცვის მცდელობის ფაქტებზე, 1980 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეული-კაზრეთის რკინიგზის სოფელ ჭაპალის მონაკვეთზე ლიანდაგიდან დეტალების მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც ის ამავე ტერიტორიაზე მომუშავე რკინიგზის თანამშრომელმა – რ.ა.-მ შენიშნა. ე.ა.-მ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ნაძარცვი დეტალებით მიმალვას აპირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
პოლიციამ ნაძარცვი დეტალები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს მარნეული-კაზრეთის რკინიგზის 27-ე კილომეტრიდან ლიანდაგის დეტალები მოიპარა.
გამოძიება ძალადობით ჩადენილ ძარცვის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.