პოლიციამ ქვემო ქართლში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები ოთხი პირი: 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ. შსს-ს ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.