პოლიციამ მესტიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
პოლიციამ მესტიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ მესტიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ორი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბ.ფ.-ის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ოთხი მჭიდი და 100 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება ა.ლ.-ს, პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მდებარე სათავსოდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 93 ვაზნა, ოთხი კაფსულ-დეტონატორი და არარეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.