პოლიციამ კახეთში „ჰეროინის“ შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ა.ს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ერთი კილო ნარკოტიკი ამოიღო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.