კახეთის პოლიციამ ახმეტაში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი, – აცხადებენ შსს-ში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული ი.ქ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზ.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.