თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციისას მომხდარი შემთხვევის გამო, „ტაბულას“ პიკაპის მძღოლი დავით ჭეიშვილი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.
როგორც ჟურნალისტებს პიკაპში მყოფმა და გამოკითხვიდან გამოსულმა პირებმა განუცხადეს, ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათი თქმით, ავტომობილში სულ ოთხი პირი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა, ოპერატორმა დავით ებანოიძემ აღნიშნა, რომ შსს-ს ინფორმაციას არ ეთანხმება და შემთხვევისას ქვეითი პატრული არ დაშავებულა.
„ტაბულას“ მანქანა და აქციის გახმოვანების აპარატურა საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებას ხელი შეუშალოს.
„პოლიციას არ უნდოდა, რომ გაგვეგრძელებინა აქცია, მათ რეალურად, მოიპარეს აპარატურა. მთელი ეს ოთხი კაცის დაკავების სპეცოპერაცია იმიტომ მოაწყვეს, რომ ადამიანებს არ გამოეხატათ თავისი აზრი პარლამენტის წინ. ტყუილია, რომ დაშავდა პატრულის თანამშრომელი. რეალურად სამი ადამიანი, რომელიც საბარგულზე იდგა და თითქოს, პოლიციელს გაკრა რაღაც, ამას არ ადასტურებს. ამბობენ, რომ თავად პოლიციელები ურტყამდნენ ხელებს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
შსს-ს ცნობით, „ტაბულას“ პიკაპი საჯარიმო სადგომზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი პატრული დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.