ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პოლ გასკოინი სექსუალური ძალადობის მცდელობაშია ბრალდებული, – იტყობინება Birmingham Mail.
ინციდენტი 20 აგვისტოს მოხდა – 51 წლის ინგლისელს, იორკიდან დარემში მიმავალ მატარებელში, ერთ-ერთ მგზავრ ქალზე სექსუალური ზეწოლის მცდელობა ჰქონდა. დაზარლებული ამტკიცებს, რომ გასკოინი მას რამდენჯერმე უხამსად შეეხო.
„პოლიციის თანამშრომლები დარემის სადგურში გამოიძახეს შეტყობინების თანახმად, რომლის მიხედვითაც განხორციელდა სექსუალური ზეწოლა ქალის მიმართ, რომელიც მატარებლით მგზავრობდა. დაპატიმრებულ იქნა 51 წლის მამაკაცი. პოლიციელები აგრძელებენ მომხდარის გამოძიებას“, – განუცხადა Birmingham Mail-ს პოლიციის წარმომადგენელმა.
გასკოინი სასამართლოს წინაშე 11 დეკემბერს წარსდგება.