პოგბამ თანაგუნდელებს დამოკიდებულება დაუწუნა
პოგბამ თანაგუნდელებს დამოკიდებულება დაუწუნა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვერ აჩვენა ის დამოკიდებულება, რომელიც საჭირო იყო და სწორედ ეს არის „ბრაიტონთან“ დამარცხების მთავარი მიზეზი, მიაჩნია გუნდის კაპიტან პოლ პოგბას.

„თოლიებმა“ მოურინიოს გუნდი გასული სეზონის ბოლო ტურშიც დაამარცხეს და ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს, ამჯერად კი სახელოვან მეტოქეს პირველ ტაიმში სამი გოლი გაუტანეს.

მანჩესტერელთაგან ლუკაკუმ და პოგბამ უპასუხეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და იუნაიტედმა 3-2 წააგო.

‘დამოკიდებულება, რომელიც გვქონდა, არ იყო საკმარისი მათ დასამარცხებლად. ისინი უფრო გაბრაზებულები თამაშობდნენ, ვიდრე ჩვენ და ეს მოედანზეც გამოჩნდა’, – განაცხადა პოგბამ და დაამატა, რომ პირველ რიგში საკუთარ თავზე საუბრობს.

‘ეს გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის’, – ამბობს მანჩესტერელთა ფრანგი კაპიტანი.