პო გასოლი „ბარსელონაში“ დაბრუნდა
პო გასოლი „ბარსელონაში“ დაბრუნდა

ექვსგზის „ოლ სტარი“ პო გასოლი ესპანეთში ბრუნდება და „ბარსელონაში“ ითამაშებს. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მხარეებს შორის კონტრაქტი 30 ივნისამდე დაიდო.

40 წლის გასოლმა საკალათბურთო კარიერა 1998-99 წლებში სწორედ „ბარსელონას“ შემადგენლობაში დაიწყო, ესპანეთის ჩემპიონატში სამი სეზონი გაატარა და შემდეგ „მემფის გრიზლისში“ გადავიდა. ის „მემფისში“ პირველივე სეზონში წლის საუკეთესო ახალწვეული (ROTY) გახდა.

„ბედნიერი ვარ, რომ იმ კლუბში ვბრუნდები, სადაც ყველაფერი დავიწყე და მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობის გამო. იმედი მაქვს, რომ გუნდს ძალიან მალე დავეხმარები. მადლობა „ბარსას“ და მის ტექნიკურ გუნდს, რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა,“ – დაწერა გასოლმა სოციალურ ქსელში.

„ბარსელონას“ ამჟამინდელი მწვრთნელი შარუნას იასიკევიჩიუსი 2000/01 წლებში გასოლის თანაგუნდელი იყო. ამ სეზონში „ბარსამ“ „კოპა დელ რეი“ და „ეი სი ბი ლიგა“ მოიგო. გასოლი ორივე ტურნირის ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა.