პლუს პორტუგალიელი ლეგიონერი - „ტორპედომ“ ალდაირ ნეტო წარადგინა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონის დაწყებამდე პორტუგალიელი ლეგიონერიც დაიმატა, – ახალწვეულზე ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ალდაირ ნეტო „ტორპედოს“ ფეხბურთელია. 28 წლის პორტუგალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მისი გახანგრძლივების პერსპექტივით. წარმატებებს ვუსურვებთ ნეტოს „ტორპედოს“ დიდ ოჯახში“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
ალდაირ ნეტო ანგოლელი ფეხბურთელია, რომელიც ბოლოს აზერბაიჯანულ „შამახში“ თამაშობდა. ლუანდაში დაბადებულმა, ახალგაზრდული კარიერა პორტუგალიაში გაატარა – რამდენიმე საფეხბურთო აკადემიაში ივარჯიშა – „რიო დე მოუროში“, „სპორტინგში“, „უნიაო დე კოიმბრასა“ და „ბრაგაში“.
პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი 2013 წელს, რეგიონული ლიგის „ოეირასში“ ჰქონდა, მერე მესამე ლიგის „ფატიმას“ შეუერთდა. 2014 წლის 8 აგვისტოს ნეტომ სეგუნდა ლიგაში, „მარიტიმუ B“-სთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მოგვიანებით კი ძირითადი გუნდის მოთამაშეც გახდა.
2019 წლის აგვისტოში უელსის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის „ბანგორ სიტიში“ გადავიდა, ასევე ითამაშა ალბანურ „შკენდიაში“, ჩრდილოეთ მაკედონიის „პელისტერში“, ხოლო „შამახში“ 2021 წელს ჩაირიცხა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყებამდე ერთი დღით ადრე „ტორპედომ“ ნიგერიის ნაკრებში ნათამაშები თავდამსხმელი სანდეი ფალეიეც დაიმატა.