პლუს ათი ახალწვეული - „სიონი“ სეზონს განახლებული შემადგენლობით და ახალი კაპიტნით დაიწყებს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი ბოლნისის „სიონი“ ეროვნული ლიგის ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით ხვდება. თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პრეზენტაციაზე „სიონის“ გულშემატკივრებს გუნდის ახალწვეულები და ახალი კაპიტანი, ვარლამ კილასონია წარუდგინეს.
ბოლნისის „სიონში“ ახალი სეზონიდან ითამაშებენ გიორგი ჩოჩიშვილი, გიორგი გადრანი, ანდრო ნემსაძე, ივან ფოცხვერია, ანატოლი მესიაჩენკო, ლუკა ჩაგანავა, ზაზა ციცქიშვილი, ოთარ კვერნაძე, რაფაელ დე ლა სოუზა და აბდულ აზიზ დუმბია.
ახალწვეულების წარდგენას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და გუნდის სპონსორის, კომპანია „არემჯის“ კორპორაციული დირექტორი კახა მჭედლიშვილი ესწრებოდნენ.
ახალწვეულებს გუნდის მაისურები დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა გადასცეს და „სიონს“ ეროვნულ ლიგაში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.
ბოლნისური კლუბი გასულ წელს ლიგა 2-ის გამარჯვებულია და ეროვნულ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ბოლნისის „სიონი“ ეროვნულ ლიგაში პირველ მატჩს 25 თებერვალს ბათუმში გამართავს და მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.