პლეიაუტის წყვილები გაირკვა - „საბურთალოს“ ლამაზი ფინიში
პლეიაუტის წყვილები გაირკვა - „საბურთალოს“ ლამაზი ფინიში

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა და პლეიაუტის წყვილები გაირკვა.

„საბურთალომ“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო, რომელსაც მერვე ადგილზე გასასვლელად და პლეიაუტში ლიგა-2-ის მეორეადგილოსან „სამტრედიასთან“ დაპირსპირების თავიდან ასაცილებლად სჭირდებოდა, მაგრამ თბილისელთა თავდამსხმელმა ლაშა კოხრეიძემ ანგარიში 48-ე წამზე გახსნა და „სიონს“ საქმე მატჩის დებიუტშივე გაურთულა. ბოლნისელები გააქტიურდნენ და მე-20 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მეორე ტაიმი „საბურთალოს“ სრული უპირატესობით წარიმართა და მეტოქეს თბილისელებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს: კოხრეიძემ 49-ე წუთზე დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი გიორგი გაბედავას (57), ნიკა მალის (60) და სანდრო ალთუნაშვილის (86) ანგარიშზეა. განსაკუთრებით ლამაზი ნიკა მალის გოლი გამოდგა, რომელმაც დაახლოებით 40 მეტრიდან გაიტანა, „საბურთალომ“ კი 5:1 მოიგო.

„რუსთავმა“ (37 ქულა) ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გორის „დილა“ მიიღო. გორელები სწრაფად დაწინაურდნენ: პირველ წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გაიტანა, ხოლო მე-9 წუთზე თენგო წიქარიძემ „დილას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მასპინძლებმა მდგომარეობის გამოსწორება მეორე ნახევარში მოახერხეს: 61-ე წუთზე სხვაობა ფუად ბაირამოვმა შეამცირა, ხოლო 76-ე წუთზე დათა სიჭინავამ წონასწორობა აღადგინა და გუნდს ქულა მოუტანა 2:2.

საბოლოოდ, „სიონმა“ და „რუსთავმა“ 38-38 ქულა დააგროვეს, მაგრამ ურთიერშეხვედრების ხარჯზე მერვე ადგილზე „რუსთავი“ გავიდა და ეროვნულ ლიგაში დასარჩენად ლიგა-2-ის „თელავს“ ორმატჩიან პლეიაუტში დაუპირისპირდება.

„სიონმა“ მეცხრე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა და პლეიაუტში ლიგა 2-ის „სამტრედიას“ შეხვდება.

რაც შეეხება „საბურთალოს“, მან სეოზნი მესამე ადგილზე დააასრულა და 8 დეკმებერს საქართველის თასისთვის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.