პლეი ოფის წყვილები გარკვეულია - „სამგურალი“ „ჩიხურას“ შეხვდება, „გაგრა“ - ქუთაისის „ტორპედოს“
ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო, მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა და გაირკვა, ეროვნულ ლიგაში ვინ დაწინაურდა და ვინ ითამაშებს პლეი ოფში.
„გაგრამ“ ქობულეთის „შუქურა“ 2:0 დაამარცხა და 29 ქულით ლიგა-2-ში მესამე ადგილი დაიკავა. ამიტომ, უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ პლეი ოფში თასის მოქმედი გამარჯვებულის მეტოქე ეროვნული ლიგის მე-8 ადგილზე მყოფი ქუთაისის „ტორპედო“ იქნება. ეროვნულ ლიგაში ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, ქუთაისელები ლიგაში ადგილს პირდაპირი გზით ვერ შეინარჩუნებენ.
პლეი ოფის პირველი მატჩი 14 დეკემბერს თბილისში გაიმართება და მასპინძელი „გაგრა“ იქნება, ხოლო განმეორებითი მატჩი 18 დეკემბერს ქუთაისის „ტორპედოს“ საშინაო სტადიონზე, „რამაზ შენგელია არენაზე“ ჩატარდება.
წყალტუბოს „სამგურალმა“ შინ მარტვილის „მერანი“ 2:1 დაამარცხა, ლიგა2-ში მეორე ადგილი დაიკავა და საჩხერეს „ჩიხურას“ შეხვდება. 14 დეკემბერს პირველ შეხვედრას საჩხერელები უმასპინძლებენ, ხოლო განმეორებით დაპირისპირებას 18-ში წყალტუბო მიიღებს.