პლეიოფი სენსაციებით დაიწყო - ორლანდომ და ბრუკლინმა ფავორიტები დაამარცხეს
15:29, 14.04.2019
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეიოფის გათამაშება საკმაოდ მოულოდნელი შედეგებით გაიხსნა. აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ეტაპზე წყვილის აუტსაიდერად შერაცხულმა ორლანდო „მეჯიქმა“ ტორონტო „რეპტორსი“ სტუმრად დაამარცხა. „ეირ კანადა ცენტრში“ გამართული მატჩი საკმაოდ თანაბარი და საინტერესო გამოვიდა. თამაშის გმირი დი ჯეი აგუსტინი გამოდგა, რომელმაც შეხვედრის დასრულებამდე სამი წამით ადრე, შორეული ტყორცნით, ფლორიდულ კლუბს ანგარიშით 104:101 მოაგებინა. აგუსტინი 25 მოპოვებული ქულით თავის გუნდში საუკეთესო იყო. მასპინძელთა შორის ასევე 25 ქულა მოაგროვა კავაი ლეონარდმა. სერიაში „მეჯიქი“ დაწინაურდა. წყვილის მომდევნო მატჩი ისევ კანადაში ჩატარდება.
კიდევ ერთი მოულოდნელობა ფილადელფიაში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა „76“-მა საკუთარ მოედანზე ბრუკლინთან ანგარიშით 102:111 წააგო. სტუმრებს დეანჯელო რასელმა უწინამძღოლა 26 ქულით. ჯიმი ბატლერის 36 ქულა და ჯოელ ემბიდის ორმაგი დუბლი (22 ქულა, 15 მოხსნა) მასპინძლებს არ ეყოთ. „ნეტსმა“ მოედნის უპირატესობა მიიღო.
გოლდენ სტეიტმა ფავორიტის სტატუსი ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ პირველსავე მატჩში გაამართლა. „უორიორზმა“ უპრობლემოდ, ანგარიშით 121:104 გაიმარჯვა.
სან ანტონიო „სფერსმა“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო დენვერს გასვლაზე, ანგარიშით 101:96, და სერიაში დაწინაურდა.