„გაგრამ“ გასვლაზე ბათუმის „დინამო“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-აუტში მონაწილეობის უფლება მიპოვა.
ანგისას ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ერთად-ერთი გოლი 70-ე წუთზე გავიდა: ბათუმელთა კარი „გაგრას“ თავდამსხმელმა ნუგზარ სპანდერაშვილმა აიღო და სტუმრებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს – 0:1.
გასვლაზე ქობულეთის „შუქურამაც“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქობულეთელებმა თბილისში, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „შევარდენი 1906“ 1:0 დაამარცხეს. ბურთი საკუთარ კარში ვაჟა ლომაშვილმა 27-ე წუთზე ჩაჭრა და „შუქურამ“ 1:0 მოიგო.
35-ე ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში გასასასვლელი პლეი-აუტის ორივე მონაწილე გაირკვა. ბათუმის “დინამო” ეროვნულ ლიგაში პირდაპირი წესით გადავიდა. „ვიტ ჯორჯია“ (62 ქულა) და „გაგრა“ (55) კი პლეი-აუტში ითამაშებენ – ამ უკანასკნელს, ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, 51 ქულის მქონე „ნორჩი დინამო“ ვეღარ დაეწევა.
უფრო რთულადაა საქმე აუტსაიდერთა ზონაში: „შუქურა“ 7 დეკემბერს ქობულეთში „ჩელე არენაზე“ უშუალო კონკურენტს, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს და თუ დაამარცხებს, მე-7 ადგილზე გადაინაცვლებს და გადათამაშების გარეშე შეინარჩუნებს ადგილს ლიგა 2-ში. ბოლო ტურის შეხვედრას მარტვილის „მერანიც“ საკუთარ არენაზე გამართავს. 7 დეკემბერს გუნდი მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს და გამარჯვების ან ფრეს შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს, რადგან ბოლო ადგილზე მყოფ “ცხინვალს” 3 ქულით ასწრებს.