Plaza Deportiva – სანიოლი ქოჩორაშვილის შესაძლებლობებში დარწმუნებულია #1TVSPORT
„ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შეუცვლელ მოთამაშედ ყალიბდება – ამის შესახებ წერილს ესპანური გამოცემა Plaza Deportiva აქვეყნებს.
„საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნულ გუნდში პოზიციას იმყარებს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებში დებიუტი სექტემბერში ჰქონდა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი უკვე მოიპოვა.
ბოლო სანაკრებო პაუზის დროს ქოჩორაშვილმა შოტლანდიასთან და ესპანეთთან შეუცვლელად ითამაშა. ეს შეხვედრები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფის მატჩებისთვის ემზადება.
სანიოლმა გიორგი ნაკრებში პირველად სექტემბერში გამოიძახა. პირველ თამაშში ესპანეთთან სათადარიგოთა სკამზე იყო, ხოლო მეორეში, ნორვეგიასთან, სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 76 წუთი ითამაშა. მომდევნო სანაკრებო პაუზაზე გიორგიმ უკვე ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა: 45 წუთი ითამაშა ტაილანდთან (სანიოლის გუნდმა 8:0 მოიგო) და 90 წუთი კვიპროსთან (4:0).
გიორგი „ლევანტეს“ ვერ დაეხმარა სანტანდერის „რასინგთან“ შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 2:4 წააგო. ის განაცხადში იმიტომ არ შეიყვანეს, რომ სანაკრებო შეკრებიდან 20 ნოემბერს დაბრუნდა და შეხვედრამდე ვერ ივარჯიშა. სანიოლი ქოჩორაშვილის შესაძლებლობებში დარწმუნებულია, ამიტომ ქართველის ნაკრებში ყოველი გამოძახება „ლევანტესთვის“ დანაკლისი ექნება“, – წერს ესპანური გამოცემა.