„ნიუკასლმა“ გიორგი მამარდაშვილი ვერ დაარწმუნა. ინგლისური კლუბი ვერ დაჰპირდა გარანტირებულ სასტარტო შემადგენლობას „ვალენსიის“ და საქართველოს ნაკრების მეკარეს. ამიტომ მან ეს ნაბიჯი სასურველად არ მიიჩნია, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Plaza Deportiva ავრცელებს.
„გიორგი მამარდაშვილის პრემიერ ლიგაში გადასვლა დაბლოკილია. „ვალენსიის“ მეკარე ვერ დაარწმუნა ინგლისური კლუბის შეთავაზებამ, რომლითაც რამდენიმე კვირის წინ მიმართეს.
მეკარე დარწმუნებული გახლდათ, რომ მისი ტრანსფერი გარდაუვალი იყო. ამაზე მეტყველებდა მამარდაშვილის ჟესტები „ჟირონასთან“ გუნდის ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ, როდესაც „მესტალიას“ დაემშვიდობა. „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის წინ კი თქვა, რომ მისი ოცნება „ვალენსიაში“ დარჩენა იყო, მაგრამ დაამატა, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული.
გუნდის პრეზიდენტი ლიმი მეკარეს, მინიმუმ, 35 მილიონ ევროდ აფასებს. მოლაპარაკებების დროს გიორგი მამარდაშვილი ინგლისელების წინადადებით უკმაყოფილო დარჩა, რადგან თამაშის გარანტია ვერ მიიღო და ვერ დარწმუნდა, რომ მომავალ სეზონში გუნდში მთავარ როლს ითამაშებდა. მამარდაშვილი ამით იმედგაცრუებულია.
ამასობაში, „ვალენსიამ“ სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატა, რომელიც ელოდება, რა მოხდება მამარდაშვილის თავს, რადგან ქართველის დარჩენის შემთხვევაში სათადარიგო მეკარის როლს დასჯერდება“, – წერს ესპანური გამოცემა.